კონგრესმენების გზავნილები და ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებული მოსმენა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა თბილისში. ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება პარტნიორებისგან პასუხს მიიღებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ისე წარმოჩენა, დასავლეთი თითქოს საქართველოში გადატრიალებისთვის ემზადება, არის მცდელობა რუსული მეთოდებით ხალხის მოტყუების.
“რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ მეიდანიზაციის საფრთხე არსებობს, თუ რამე იყო გადატრიალების საბაბი, ეს იყო რუსული კანონი, მაგრამ მშვიდობიანად გრძელდებოდა პროტესტი და მშვიდობიანად გვინდა არჩევნებამდე მისვლა.
თუ “ქართული ოცნება“ მიიტაცებს არჩევნებს და არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ბუნებრივია ადამიანებს უფლება აქვთ, რომ დაიცვან კონსტიტუცია. ამის წარმოჩენა, თითქოს აქ რაღაც გადატრიალებების კონტექსტში დასავლეთი ემზადება, ეს კიდევ ერთხელ არის მცდელობა რუსული მეთოდებით ხალხის მოტყუების,“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.
გიორგი გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ კანონმდებლობით მოხდება.
“ყველას შეიძლება თავის მოსაზრება ჰქონდეს, ან ვინმეს სიტყვები არასწორად იქნეს გაგებული. არ არის ჩემი ამოცანა, რომ ვინმეს განმარტებებში შევიდე. ჩვენთვის, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული გზები და მექანიზმები,“ - განაცხადა პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს,“ მათი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდა, რა საკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება ქართული საზოგადოების მხრიდან.
“აქ არის მაგალითი მოყვანილი - თუ არჩევნები ყალბდება, თუ ხელისუფლება მიტაცებულია, თუ ძალადობა გრძელდება, შესაბამისად, ხალხში მატულობს საპროტესტო მუხტი. ეს ბუნებრივია და ბუნებრივია ასეც იქნება. თუ არჩევნები გაყალბდა, რა საკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება ქართული საზოგადოების მხრიდან. რა ტიპის რეაგირება იქნება, ამას ხუთი თვით ადრე ვერავინ იტყვის,“ - განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგი ჩიხლაძემ.
კონგრესმენებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ და “megobari act-ზე“ იმსჯელეს.
“შტატები არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას და საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ,“ - ასეთია მათი მთავარი გზავნილი. სხდომაზე უილიამ კორტნიმ რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა. კონგრესში ე.წ. მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ ნატალია საბანაძე და ივანე ჩხაიძე, რომლებმაც სანქციები და ვიზების შეზღუდვა მოითხოვეს. მათ “ქართულ ოცნებაში“ მოღალატეები უწოდეს.
0
0