13/06/2022
14:06
პოლიტიკა
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა გაცნობოთ, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს უსასყიდლო გარიგებაა.
„ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, - განაცხადა პრემიერმა.
მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს გაწეული სამუშაოსთვის. მან ასევე პირობა დადო, რომ „ბორჯომის“ არცერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება და მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
0
0