
პირველად საქართველოში, წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების პროგრამა განხორციელდება. ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა.
ხარჩილავას ინფორმაციით, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
ხარჩილავა მიღებულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.
ამასთან, გია ხარჩილავას განმარტებით, პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელების მშობლებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები.
„დიდებული ამბავი უნდა გამცნოთ. პირველად საქართველოში, წალენჯიხაში განხორციელდება პირველკლასელთა კვების პროგრამა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახლავთ შემდეგი, სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ისეთი ხარისხიანი კვებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა რეორგანიზაციის შედეგად, როცა მისი განვითარებისათვის აუცილებელი კალორიები უზრუნველყოფილია.
შემდგომ ეტაპზე, როცა ბავშვი ამთავრებს ბაღს და გადადის პირველ კლასში, იქ უკვე კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა არ მოქმედებს. ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ბავშვს ყოველდღიურად დაუფინანსოს 3-4 ლარი, რომელიც მას სკოლაში ყოფნის პერიოდში კვებისთვის აუცილებლად სჭირდება.
ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და პირველები ვართ ამ ამბავში.
პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელების მშობლებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები, განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა, ცნობა სკოლიდან პირველ კლასში სწავლის თაობაზე, ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად.
კვების დღიური თანხა საშუალოდ შეადგენს საშუალოდ 4 ლარს. ბარათს გააჩნია შეზღუდვები, კერძოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დაბლოკილი იქნება ბანკომატიდან თანხის გამოტანისა და ონლაინ გამოყენების ფუნქცია“, - აცხადებს ხარჩილავა.
0
0