-share.jpg)
წალენჯიხაში დაკავებული აქციის ორი მონაწილე გაათავისუფლეს. დაკავებულები სამართალდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაუშვეს.
როგორც ცნობილია, გუშინ სოფელ ეწერ-ფერდის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეებს წალენჯიხის მერი შეხვდა. გია ხარჩილავა ადგილობრივებს დაპირდა, რომ გზის რეაბილიტაციის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად ხელახლა წარედგინება და უახლოეს პერიოდში დაიწყება ეწერ-ფერდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მოსახლეობის პროტესტი საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, დეპუტატების ნაწილმა ეწერ-ფერდში გზის რეაბილიტაციის პროექტს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის „ქართული ოცნების“, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა. დეპუტატები პროექტის დახარვეზების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დოკუმენტზე თანხა არ იყო დატანილი, ამიტომაც საკრებულომ მერიას დაუბრუნა, თუმცა, მოგვიანებით, მერიამ პროექტი აღარ წარადგინა სხდომაზე. საპირისპიროს ამტკიცებს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და აცხადებს, რომ პროექტი სრულყოფილი იყო და თანხაც იყო მითითებული და გაუგებარია, რატომ ჩააგდო საკრებულომ აღნიშნული პროექტი.
სოფელ ეწერ-ფერდის მოსახლეობა სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას წლებია ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს ისევ აანონსებს.
0
0