16/01/2025
11:54
პოლიტიკა
ვხედავ ნდობის და რწმენის უზარმაზარ ნაკლებობას თქვენი ქვეყნის მიმართ და ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები სამარცხვინოა.
„სამწუხაროდ, თქვენს ქვეყანაში სიტუაცია უარესდება, თავდასხმები ოპოზიციის ლიდერზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. ადამიანები თქვენს ქვეყანაში დემონსტრაციებს აწყობენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ევროპული ფასეულობებისთვის, მაგრამ პოლიცია სცემს მათ. ეს სამარცხვინოა, ამას არაფერი აქვს საერთო სტაბილურ დემოკრატიასთან, დაპირისპირება პარტიებს შორის, პარლამენტში, მთავრობაში, ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის დემოკრატიის არსია, მაგრამ მშვიდობიანად, ზეწოლის, დამცირების, ძალადობის გარეშე. ცხადია, რეჟიმის სტრატეგიას წარმოადგენს ის, რომ ზეწოლა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ ხმებზე, საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიაზე, ჟურნალისტებზე და ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა როთმა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.
„ამიტომ ვერ ავარიდებთ თავს, ამიტომ უნდა მივადევნოთ თვალი ამ ქვეყანას, რადგან თუკი თქვენ დამარცხდებით, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, რუსული იმპერიალიზმი გაიმარჯვებს და ეს არის უდიდესი საფრთხე არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. თუ საქართველო დამარცხება, სომხეთიც დამარცხდება, თუ საქართველო და სომხეთი დამარცხდებიან, მოლდოვაც დამარცხდება. ასე რომ, ყველა ეს ქვეყანა დაკავშირებულია და ყველა ეს პრობლემა და გამოწვევა დაკავშირებულია. სწორედ ამიტომ ველოდები ევროკავშირისგან მეტ ჩართულობას“, - აღნიშნა როთმა.
მისი თქმით, ავტოკრატიები ყველგან და ყოველთვის ერთსა და იმავე ინსტრუმენტებს იყენებენ: უმცირესობების დისკრიმინაცია, კრიტიკული ხმების ჩახშობა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა.
„აქ რეჟიმი ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან უხეში გზებით, ისინი ახორციელებენ უმცირესობების დისკრიმინაციას, განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობების და ებრძვიან თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. მაგრამ ხალხი არ ნებდება. ხშირად მსმენია: „ქუჩაში მხოლოდ 3 000 ადამიანი გამოვიდა, ან 5 000 ადამიანი გამოვიდა და ეს საკმარისი არაა“ - ჩვენთვის გერმანიაში ეს უზარმაზარი რიცხვია. ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც შობას სახლებში, ჩვენს ახლობლებთან ერთად აღვნიშნავდით, ათასობით ადამიანი იდგა ქუჩაში მკაფიო სიგნალის გასაგზავნად: ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ეს თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტია. მათ სურთ საქართველო დააბრუნონ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა როთმა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით შემაშფოთებელია ორი რამ: გაყალბებული არჩევნები და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა.
„უკიდურესად შეშფოთებული ვართ ორი რამით: პირველი არის გაყალბებული არჩევნები და მეორე არის კონსტიტუციის დარღვევა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაწერილია თქვენს კონსტიტუციაში, ასე რომ, არავის შეუძლია ხალხს უთხრას : „ვწუხვართ, მაგრამ ვაჩერებთ ევროკავშირისკენ სვლას“, - აღნიშნა როთმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის არა საჩუქარი მთავრობისთვის არამედ ნიშანი, რომ ევროპას სურს, საქართველო ბლოკს შეუერთდეს რაც შეიძლება მალე.
„მაგრამ მთავრობამ, თქვენი პარლამენტის უმრავლესობამ უგულებელყო ყველა პირობა. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ეს არ არის საჩუქარი, ან თამაში, ეს ძალიან სერიოზული რამ არის როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის. ასე რომ კანდიდატის სტატუსის საჩუქრად ჩათვლა, ან უმნიშვნელო რამედ ჩათვლა არის თქვენი კონსტიტუციის დარღვევა. ეს ორი რამ ცვლის ყველაფერს, აი რატომ არ შემიძლია ვაღიარო მთავრობა, ახალი პრეზიდენტი და პარლამენტარები. ვხედავ ნდობის და რწმენის უზარმაზარ ნაკლებობას თქვენი ქვეყნის მიმართ და ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია“, - აღნიშნა როთმა.
გერმანელი დეპუტატის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია, ქართველ ხალხს უთხრას, რომ მარტო არ არიან.
„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ მხარი დავუჭირო სახელმწიფო გადატრიალებას, ან მაიდანს, მე აქ ვარ ჩემი, როგორც პარლამენტარის ვალდებულების შესასრულებლად. ე.წ. მთავრობა, რეჟიმი მაკრიტიკებს ჩარევის გამო. აქ ხალხს არანაირი ჩარევა არ სჭირდება, მათ არ სჭირდებათ მასწავლებლები, მათ არ სჭირდებათ რაიმეს სწავლება. მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. არცერთ პარტიას არ უთქვამს აქ ხალხისთვის მოეწყოთ დამოუკიდებელი მედიის გაფიცვა, არავის უთქვამთ მათთვის, მოეწყოთ სამ საათიანი, უამრავი დასაქმებულის საერთო გაფიცვა. ასე რომ, თქვენ ხართ თავისუფალი და დამოუკიდებელი. თქვენ მე არ გჭირდებით. აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ გითხრათ : თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თქვენს ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა როთმა.
0
0