
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპაციამ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს დამნაშავის დასასჯელად.
ირაკლი კობახიძემ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
"ოკუპაციამ ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს", - წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0