
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოკრივეებს სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით სურს გამარჯვება მიულოცოს ლაშა გურულს, რომელმაც პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა.
„ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას.
განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება - მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში კარიერაში ჩატარებული პირველი ბრძოლა მოიგო. რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე გურულმა განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა.
ბრძოლა ექვსი რაუნდი გაგრძელდა. პირველ ორ რაუნდში განელი უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მესამე რაუნდიდან ლაშა გურული ძალიან დამაჯერებელი იყო და მსაჯებმა მას გამარჯვება ერთსულოვნად მიანიჭეს.
ბერნარდ აბეის პროფესიონალთა შორის აქამდე ხუთი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ხუთივე მოგებული.
28 წლის ლაშა გურულმა 2024 წლის ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადაზე კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
0
0