
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ზარქუა აცხადებს, როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მოუხმობენ ამა თუ იმ ინდივიდს და ის არ გამოცხადდება, ბუნებრივია, კანონის შესაბამისად ისჯება.
„ქალბატონო ანიტა, რომელი სახელმწიფოდან ხართ, არ ვიცი. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. მიუხედავად პოზიციისა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე როდესაც მოუხმობენ ამა თუ იმ ინდივიდს და ის არ გამოცხადდება, ბუნებრივია, კანონის შესაბამისად ისჯება. თქვენთან, თუ ევროპის წარმომადგენელი ბრძანდებით, გაცილებით სიმკაცრეა. ჯერ თქვენს კანონებს გადახედეთ და ამ ტონალობაში მერე ილაპარაკეთ. რაც შეეხება რეალობას, ჩვენ, როგორც შალვა პაპუაშვილმა თავის წერილში ბრძანა, ვცდილობთ, ის ევროპული ღირებულებები დავაბრუნოთ, რითაც მთელი ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი გამოირჩეოდა. ვცდილობთ, ევროპა დავაბრუნოთ ევროკავშირში. ადამიანის უფლებები, განსხვავებული აზრის მიმღებლობა, იდენტობის, მართლმადიდებლობისა და ზოგადად ქრისტიანობის დაცვა, ეს არის ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, ეს გათელილია, რასაც კალასის და ურსულას ევროკავშირში ვუყურებთ. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც საუბრობენ ხმამაღლა, რომ არაფერი ვთქვათ ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის მაცხოვრებლებზე. ასე რომ, ეს სიგნალები კარგად გაიაზრეთ, არასწორი მიმართულებით ვითარდებით. დასასრული ის იქნება, რომ – ან ევროკავშირიდან ჩამოგაგდებენ, ან თვითონ ევროკავშირი დაიშლება. ჩვენ გვინდა ერთიანი, ძლიერი ევროკავშირი, რომელიც ნამდვილ ევროპულ ღირებულებებზე დგას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იცავდა საქართველო. სისხლი დავღვარეთ, რომ ის გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც დღეს ევროკავშირია, ასე ყოფილიყო შენარჩუნებული. წაიკითხეთ ისტორია და მერე დააფასეთ ის სახელმწიფოები, რომელმაც ეს უზრუნველყვეს, მათ შორის საქართველო“, – განაცხადა ზარქუამ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ოპოზიციონერების დაპატიმრება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა“.
0
0
ნატოს შემდეგი სამიტი თურქეთში გაიმართება
25/06/2025