11/07/2023
19:29
მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად მაპი-ს მოთხოვნა მოხსნილია.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღის შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
სტოლტენბერგის თქმით, დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატო-სთან კიდევ უფრო დააახლოონ.
რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, როდის მიიღებს უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ უნდა შეთანხმდნენ მოკავშირეები და პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.
"გასულ წელს მადრიდში გამართული სამიტის შემდეგ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს დახმარების უპრეცედენტო რაოდენობა, რაშიც შედიოდა შეიარაღება, აღჭურვილობა და წვრთნები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.
დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატო-სთან კიდევ უფრო დააახლოონ.
პირველი ეს არის მრავალწლიანი დახმარება უკრაინას, რომელიც ქვეყანას საბჭოთა სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანს, აღადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებს და დაფარავს კრიტიკული საჭიროებები, როგორებიცაა საწვავი და სამედიცინო ხარჯები.
მეორე, ეს არის უკრაინა-ნატოს საბჭო კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, როგორც თანასწორი მხარეები. ხვალ გაიმართება ამ საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით.
მესამე: ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ვთანხმდებით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] ეტაპი ამოღებულია. ეს შეცვლის უკრაინის გზას ნატო-სკენ და ორეტაპიანი პროცესი გახდება ერთეტაპიანი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უკრაინას მოვიწვევთ ნატო-ში, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს." განაცხადა სტოლტენბერგმა
ხვალ ვილნიუსში ნატო-ს ქვეყნების ლიდერებს პრეზიდენტი ზელენსკი მიმართავს და პირადად ეტყვის იმ მოთხოვნებს, რომელიც უკრაინას აქვს.
0
0