
ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს და ეს ისევ მაგისთვის არის კარგი, რომ სახე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მხოლოდ „ქართული ოცნების" ლიდერების მოთხოვნის გამო მოიხადა და ძალიან არადამაჯერებელი იყო.
„ეს არ იყო გულწრფელი ბოდიში, უბრალოდ პარტიის ბოსებმა ირაკლი ბერაიას უთხრეს, რომ გამოხვალ და რაღაცნაირად ბოდიშს მოიხდიო და უკანა კბილებით მოიხადა ბოდიში, ყასიდად და ძალიან ცალყბად, ძალიან არადამაჯერებლად. შესაბამისად უნდა წავიდეს თანამდებობიდან." - განაცხადა ელისაშვილმა.
დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ თავდაცვის კომიტეტის დატოვებას არ აპირებს და ამის შესახებ გაკეთებული განცხადებები ცხელ გულზე იყო ნათქვამი.
„მე გადავიფიქრე, ეს ძალიან ცხელ გულზე ვთქვი. მე დავრჩები თავდაცვის კომიტეტში, არ მივცემ ბატონ ბერაიას იმის ფუფუნების უფლებას, რომ იქ როგორც უნდა ისე იყოს. არ გავეცლები და მე იმ ბრძოლაში დავრჩები. თავდაცვის კომიტეტიდან უნდა წავიდეს ბერაია. მე არაფერში არ მჭირდება ის, თანამდებობაზე იქნება თუ არა, უბრალოდ აქ არის კაცობის და ღირსების ამბავი, ქართველობის ამბავი და სახელმწიფოებრივი პოზიციის ამბავი. როგორ შეიძლება ქალზე ასე ლაპარაკი, როგორ უნდა იკადრო ეს? იკადრე, მიქარე და მოცურდი? ადექი ახლა კაცურად და წადი. რაზე ვლაპარაკობთ დაქცეულ ქვეყანაში, რაზე ვიგლეჯთ ნერვებს?" - თქვა ელისაშვილმა.
0
0