
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა.
წყაროების ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა.
„ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.
0
0