
უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია უკრაინელი ხალხისთვის ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა.
„დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა. უკრაინა დამოუკიდებლობისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში იმაზე დიდხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმეს წარმოედგინა. ეს ჩვენი ხალხის პატრიოტიზმისა და ქმედითობის შედეგია, ჩვენი მეომრების შედეგი, რომლებიც გმირულად იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოსთვის და ანადგურებენ ოკუპანტს. მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების, იმ ძალისთვის, რომელსაც უკრაინას ანიჭებთ და ყველა შედეგისთვის. უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ჩვენი ხალხისთვის ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა, თუმცა ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობისკენ ისწრაფის. ყოველდღიურად, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ყველა პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა“, – წერს ზელენსკი.
0
0