
მთელი დიპლომატიური სიტუაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო და სრულმასშტაბიანი შემოჭრის განმავლობაში მხოლოდ რუსეთი ამბობს უარს მის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არავინ დაივიწყოს მთავარი მიზანი – ომის შეჩერება და მისი ხელახლა გაღვივების თავიდან აცილება. ამასთან, ის მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„ეს ხანგრძლივი ომია და მთავარი, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობს, არის ის, რომ შეინარჩუნოს მისი კიდევ უფრო დიდხანს წარმოების შესაძლებლობა და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ამხელა ძალა და ამდენი ლიდერი ახლა მშვიდობისთვის მუშაობს. უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების, ყველა ამერიკელის გულის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის დახმარებისთვის, რომელმაც, „ჯაველინებით“ დაწყებული, უკრაინელების სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას ევროპაში, დიდ შვიდეულსა და დიდ ოცეულში, ვინც სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება. მხარდაჭერის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი – რუსეთის ომის შეჩერება და მისი ხელახლა გაღვივების თავიდან აცილება. ამის მისაღწევად კი მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. მხოლოდ ამ ერთ წელიწადში პუტინმა უკვე ასობით ათასი ადამიანი გაგზავნა სასიკვდილოდ, რათა უკრაინის ტერიტორიის ერთი ან რამდენიმე პროცენტი დაეკავებინა. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი – ქვეყანა, რომელსაც უკვე უფრო მეტი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს მსოფლიოში. ომის ასეთი ხასიათი და რუსეთის მცდელობები ის გაახანგრძლივოს, იმას აჩვენებს, რომ საქმე ეხება არა ტერიტორიას ან იმას, თუ როგორ იქცევა ერთი ან მეორე მეზობელი რუსეთის მიმართ, არამედ რუსეთის მიერ „ომის წარმოების უფლებას“, სხვების „დამორჩილების უფლებას“ და უსაფრთხოების ფუნდამენტურ არარსებობას. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ყველა საკითხზე, მშვიდობისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე ასე ფრთხილად. ყველაფერი სწორად უნდა წარიმართოს, რათა ეს ომი ნამდვილად დასრულდეს და აღარ განმეორდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი 24 თებერვლის პირველივე წუთებიდან ომს აწარმოებს იმის უგულებელყოფით, თუ რამდენ მშვიდობიან მოქალაქეს კარგავს რუსეთი ან უკრაინა. მისი თქმით, რუსი მეთაურები არა მხოლოდ სასტიკად მოქმედებენ, არამედ იღებენ ისეთ ბრძანებებს, რომლებიც საშუალებას აძლევთ, მოკლან ისე, როგორც ეს თავად სურთ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ომი ასეთი სისხლიანია.
0
0