11/01/2025
23:37
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“.
„ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე ენერგიის მიწოდებას ეხებოდა.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სლოვაკეთის მთავრობის ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდა, რობერტ ფიცოსგან მოითხოვდნენ განმარტებებს, მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ, ასევე ინფორმაციას უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.
სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხზე არსებობდა ორი ვარიანტი, რომლებიც თითქოსდა შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებინათ სლოვაკეთისთვის.
თუმცა, ფიცოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება ჩაშალა. მეორე ვარიანტი იყო შეექმნათ SPP-ის შვილობილი კომპანია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რათა სლოვაკური გაზი უკრაინის გავლით ტრანსპორტირებულიყო სლოვაკეთში.
„რუსეთს არასდროს მოვუტყუებივართ, უკრაინისგან განსხვავებით. მახსოვს სიტუაცია 2009 წელს, როდესაც უკრაინაში ვიყავი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს მივმართე თხოვნით, რომ რეზერვუარებიდან, რომლებიც მათ დასავლეთ უკრაინაში აქვთ, ცოტა გაზი ჩვენთვის მოეცათ. პასუხად მივიღე, რომ ჯანდაბაშიც წავსულიყავი. ეს ტიპური უკრაინული ქცევაა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
0
0