05/09/2024
09:05
პოლიტიკა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
როგორც ნადირაძემ გათავისუფულების შემდეგ განაცხადა, მათ ჰგონიათ, რომ მუქარით, ძალადობით და დაკავებებით ვინმეს შეაშინებენ, "პირიქით - ერთიასად გვიმაღლდება მოტივაცია, რომ კრიმინალური ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად, ებრძვიან განსხვავებულ აზრს".
"იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, პოლიტიკური დევნით არის დაკავებული. ჩვენ ვნახეთ დილით გაკეთებული განცხადებები "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ ისინი დაიწყებდნენ დევნას და რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ ეს მინი-სპეცოპერაცია ჩატარებულიყო.
ირაკლი ეძგვერაძე არის გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსი და ის ძალიან აქტიურად მუშაობს. შარშან დაახლოებით ამ დროს, სწორედ ამ ადგილას, დაახლოებით 70 ადამიანი დაესხა მას თავს სუს-ის, "ქართული ოცნების" და პოლიციის დავალებით და ისინი, ვინც, მაშინ მონაწილეობდნენ ამ თავდასხმაში - 70 კაციდან სულ რამდენიმე დასაჯეს, მაგრამ დღეს ყველა თავისუფალია.
როცა გავიგე, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, მოვედი და დავინახე, რომ უკვე მანქანაში სვამდნენ, დავინტერესდი, რატომ აკავებდნენ და ვცდილობდი, დრო გამეყვანა, რომ მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები, რადგან სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სხვა დაცვა, გარდა მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისა, არ არსებობს და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, ელოდებოდნენ მითითებებს, მერე კი გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს, ალბათ იქნება ჩვენი სასამართლო პროცესი და ჩაგვსვამენ ალბათ ორი კვირით ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სჩვევია. მთავარი სამიზნე იყო ირაკლი ეძგვერაძე, გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ძალიან აწუხებთ ის, რომ გლდანში "ქართულ ცნებას ყოველთვის ამარცხებდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ისიც იმავე შენობაში ჰყავდათ, რომელშიც მე და როცა მიშვებდნენ, პირველი ის ვიკითხე, ეძგვერაძე თუ არის გათავისუფლებული-მეთქი და მითხრეს, თავისუფალიაო, როგორც ჩანს, მომატყუეს. ფაქტია ერთი რამ, რომ "ქართული ოცნება" არის ძალიან შეშინებული და თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ მუქარით, ძალადობით და დაკავებებით ვინმეს შეაშინებენ, პირიქით - ერთიათად და ერთიასად მოვინდომებთ, რომ ეს კრიმინალური ხელისუფლება მოვიშოროთ. არა იმიტომ, რომ შურისძიება გვწყურია, არამედ იმიტომ რომ ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად, "ქართული ოცნება" ებრძვის განსხვავებულ აზრს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძე დღეს გლდანში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მანამდე საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ ხმაური იყო. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძემ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა.
0
0