24/04/2023
19:06
პოლიტიკა
ე.წ. ქოლცენტრების სკანდალი გრძელდება - სამართალდამცველები საბურთალოზე მდებარე ბიზნესცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც განთავსებულია ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის ოფისები.
ის, რომ პოლიციაში შეტყობინება შესაძლოა ყოფილი ჩინოსნის გარემოცვიდან შესულიყო, ეჭვობს თავად ელისო კილაძეც, თუმცა ამბობს, რომ ჩხრეკა ცრუ შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა და ეს იყო შურისძიება დავით კეზერაშვილის მხრიდან.
"მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის წინააღმდეგ BBC-ის მასალები გავიდა, რომელიც ქოლცენტრებს ეხებოდა, მივიღე ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილმა პეტრე ცისკარიშვილს დაავალა ორგანიზება, იმიტომ, რომ გაითეთროს თავი ქოლცენტრების სკანდალში. ყველგან, სადაც ხალხმრავალი ბიზნესცენტრია და სადაც არიან ახალგაზრდები, განახორციელონ ცრუ ზარები. შემატყობინეს მეც ასევე, რომ პოლიციაა მოსულიო, ჩვენ არ ვართ არაკანონმორჩილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან.
გვითხრეს, რომ 112-ში განხორციელდა ზარი, რომლის ავტორიც ანონიმურია და მათ უნდათ, რომ შენობა დაათვალიერონ. ჩვენ დავათვალიერებინეთ ყველა ოფისი, მათ შორის შევიყვანეთ მეოთხე და მეხუთე სართულზე. ამის შემდეგ კი გვითხრეს, რომ უნდა მოვიდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ არის აქ ქოლცენტრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისთვის ვიყავით მზად, რადგანაც ასეთი ინფორმაცია წინასწარ მქონდა.
მეოთხე სართულზე განთავსებულია კომპანია "ნომადაო", ეს არის ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ტურისტული ჰაბი, ზარები ხორციელდება სასტუმროების დასაჯავშნად. მათ წვდომა მთელს სისტემაზე გადავეცით, რადგან დასამალი არაფერი არ გვქონდა და ყველა კომპიუტერის პაროლი მივეცით, რომელიც მათთვის იყო საინტერესო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აქ არანაირი ქოლცენტრი არ გვქონდა, როგორც წარმოგიდგენიათ ქოლცენტრი, რომელიც საჯაროა და საჯარო საქმიანობას ეწევა.
ზუსტად ვიცოდით, რომ ეს იყო კეზერაშვილის მიერ ორგანიზებული, ანონიმური ზარის საფუძველზე. რაც შეეხება ვალერი გელბახიანს, ის ჩემი წლების მეგობარია, ამ კომპანიაში ის წარმოადგენს იურიდიულ სამსახურს და ასევე გივი ჯიბლაძე, რომელსაც მე ვიცნობ, ვმეგობრობ მასთან და ასევე ვპარტნიორობ.
დავაანონსე, რომ ვმუშაობ ძალიან მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე - ეს ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს და 2008 წლის აგვისტოს შემდგომ რუსებზე გაყიდულ იარაღს. მე მაქვს დოკუმენტალური მტკიცებულებები - დავით კეზერაშვილის ამბავია ეს - სწორედ ამას მოჰყვა ეს შურისძიება,"- აცხადებს გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
ამასთან, ოფისებში, სადაც სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფენ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024