
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან აბელ აბესაძესთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნას დაესწრო.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები გუნდები.
სპორტსმენები საპრიზო ადგილებისთვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.
გამარჯვებულები, რომლებიც 19 ივნისს გამართული ფინალური პაექრობების შედეგად გამოვლინდებიან, თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
ტურნირი ყოველწლიურად იმართება. მას გორი მიმდინარე წელს მეთორმეტედ მასპინძლობს.
ღონისძიება, რომელიც გორის სპორტის სასახლეში ტარდება, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.
პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
0
0