
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან გამყოფი მხოლოდ ერთი ხაზის არსებობას აღიარებს და ეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარია. ამის შესახებ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას ისაუბრა.
რუსული სახელმწიფო სააგენტო ტასს-ის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ცნობილია უკრაინის მიერ ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხის წამოჭრის შესახებ. ე.წ. ნაცრისფერ ზონებში ის ტერიტორიები იგულისხმება, რომლებსაც ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებს. პუტინის თქმით, ტერიტორიებთან დაკავშირებით მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
„ჩვენთვის გამყოფი მხოლოდ ერთი ხაზი არსებობს, ეს სახელმწიფო საზღვარია, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგები და ნათელი იქნება – აქ ვართ ჩვენ, იქ ხართ თქვენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, სხვა შემთხვევაში, ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხი მხარეებს შორის უთანხმოების მუდმივ მიზეზად დარჩება.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება. მისივე თქმით, უკრაინაში დისლოცირებული უცხოური სამხედრო ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება.
„ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარის ყოფნა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ემუქრება“, – განაცხადა პუტინმა.
0
0