
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაწყების შესახებ, ფაქტობრივად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დატოვების შესახებ განაცხადის ტოლფასია, რადგან, მისი თქმით, ორივე გაერთიანებაში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საბოლოო არჩევანი სომხეთის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს.
„ყველაზე მარტივი არის ხალხს მიმართოთ და ჰკითხოთ: თქვენ რა გსურთ? სულ ესაა“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ქვეყნისა და მისი ხალხის კანონიერი უფლებაა, თუმცა, პუტინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სირთულეებს შექმნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის კუთხით.
“სომხეთის ევროკავშირისკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, ქვეყნისა და მისი ხალხის ლეგიტიმური უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და სომეხ ხალხს შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარების მიმართულება. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის სირთულეებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მისი წევრობის კუთხით”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებამ შესაძლოა, სომხეთისთვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე არსებული უპირატესობების გაუქმება და ჩამოყალიბებული სავაჭრო ჯაჭვების გაწყვეტა გამოიწვიოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს, ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს, რათა რუსეთმა საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება და სომხეთთან ურთიერთობების სამომავლო განვითარების განსაზღვრა შეძლოს.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა ამ შესაძლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით და გთხოვთ, რაც შეიძლება მალე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, რუსეთი სომხეთის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კომპანიები სომხეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელები არიან, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აძლიერებენ.
მისივე თქმით, რუსეთი და სომხეთი ერთობლივად არაერთ ურთიერთსასარგებლო პროექტს ახორციელებენ, მათ შორის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სამთო-მომპოვებელი სექტორის, ბირთვული ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ეკონომიკის სფეროებში.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ სომხეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას, სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს შედის როგორც სომეხი ხალხის, ისე რუსეთის ფუნდამენტურ ინტერესებში“, – განაცხადა პუტინმა.
0
0
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
01/09/2026