19/06/2025
11:48

ლეგენდა და წარმოუდგენელი სიცრუეა, თითქოს რუსეთი აპირებს ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელებმა რუსეთთან კონტაქტები თავად შეწყვიტეს.
„ლეგენდა იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ევროპაზე, ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას, ეს არის სწორედ ის წარმოუდგენელი სიცრუე, რომელშიც ცდილობენ დაარწმუნონ დასავლეთ ევროპული ქვეყნების მოსახლეობა. ჩვენ ვიცით, რომ ეს უაზრობაა. ისინი, ვინც ამას ამბობენ, თავადაც არ სჯერათ“, .-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ევროპული ქვეყნები თუ ინებებენ თანამშრომლობის განახლებას, ამისთვის რუსეთი ღიაა.
„კანცლერს თუ სურს, რომ დამირეკოს და მესაუბროს, არაერთხელ ვთქვი, ჩვენ არ ვამბობთ უარს არანაირ კონტაქტზე და ყოველთვის ღია ვართ ამისთვის. წელიწადი, წელიწად-ნახევრის ან ორი წლის წინ მსგავსი საუბრები კანცლერ შოლცთან და სხვა ევროპის ლიდერებთან რეგულარული იყო, თუმცა რაღაც ეტაპზე, როდესაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს ჩვენთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება ბრძოლის ველზე, მათ თავად შეწყვიტეს ეს კონტაქტები“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისრაელსა და ირანს შორის იერიშებზე ისაუბრა. ვლადიმერ პუტინის, თქმით ირანს რუსეთისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.
„ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ ირანელ პარტნიორებთან. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ „ბუშეჰრში“ და იქაურობას არ ვტოვებთ. ეს არ არის მხარდაჭერა? სხვა მხარდაჭერისთვის ირანს ჩვენთვის არც კი მოუმართავს“, – აღნიშნა პუტინმა.
როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, მას პირადად აქვს კონტაქტი ისრაელის პრემიერ-მინისტრთანაც. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა რუსეთს ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილზე, პუტინმა უპასუხა, რომ ასეთი შესაძლებლობის განხილვა არც კი სურს.
1TV
0
0