
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეიარაღების საკითხზე შესაძლო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. კიმ ჩენ ინი პუტინს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდა.
ფხენიანმა შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ორი სანქცირებული რეჟიმი სავარაუდოდ შეთანხმებას დადებს იარაღის შესაძენად, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
როგორც BBC-ი წერს, ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა ფხენიანი და მოსკოვი უარყოფენ, რომ მათი მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობას ეხება.
თეთრი სახლის განცხადებით, მას აქვს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენის შეთანხმებაზე "აქტიურად მიიწევს წინ".
ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას სასურსათო და ტექნოლოგიური (აკრძალული ბირთვული და სარაკეტო პროგრამის გააქტიურებისთვის) დახმარების მიღება სურს.
თუმცა კრემლმა განაცხადა, რომ "სრულფასოვანი ვიზიტის" დროს განიხილება "ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონსა და გლობალურ არენაზე არსებული ვითარების საკითხები".
კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მისი ვიზიტი დაადასტურებს ფხენიანსა და მოსკოვს შორის კავშირების „სტრატეგიულ მნიშვნელობას“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“ რუსეთის ყველაზე მოწინავე კოსმოსური ცენტრია და როგორც ამბობენ, პუტინის „საშინაო პროექტია“.
როგორც BBC-ი წერს, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან თანამშრომლობა მოითხოვოს თავის კოსმოსურ პროგრამასთან დაკავშირებით. აგვისტოს ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ მეორედ ვერ შეძლო ჯაშუში თანამგზავრის ორბიტაზე განთავსება.
კიმ ჩენ ინის მატარებელი, სულ მცირე, 20 ტყვიაგაუმტარ ვაგონს მოიცავს.
მატარებელი ძალიან ნელი - 59 კმ/სთ სიჩქარით - მოძრაობს. ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივოსტოკში უკანასკნელად 2019 წელს ჩავიდა და სამიტზე პუტინსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
0
0