
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე, ვლადიმერ ბოჟაძე, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნის და რადიკალი აგენტების თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობს საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოს.
ბოჟაძის განცხადებით, ღარიბაშვილი მთავარ შეკითხვას თავს მაინც ვერ აარიდებს და მან უნდა უპასუხოს საზოგადოებას, საიდან მიიღო მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, ,,საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით” შეძლო ღარიბაშვილმა სიმდიდრის მოხვეჭა და ამ ფონზე, მისი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა.
,,ბატონო ირაკლი, ისევე, როგორც არაერთი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩვენი გუნდის წევრი და ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იმ დონემდე დახვედით, რომ დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნით და რადიკალი აგენტების თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობთ საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოთ. თუმცა, თქვენი მცდელობების, ციხიდან ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გაჯერებული წერილების გამოქვეყნების, გვერდით ინაშვილის და მისი მსგავსი ყველაფერზე წამსვლელი აგენტების დაყენების თუ აბსურდული შეთქმულების თეორიების განვითარების მიუხედავად, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევთ.
გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ნდობა პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად გამოიყენეთ და გუნდი მნიშვნელოვნად დააზიანეთ. ისიც გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ, თუმცა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა არ გამოგივათ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რამდენსაც უნდა ეცადოთ, აგენტებთან და ყველაფრის მკადრებელ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად როგორი დაუჯერებელი ისტორიებიც არ უნდა შეთხზათ, მთავარ შეკითხვას მაინც ვერსად გაექცევით.
გამოქვეყნებულ წერილებში თქვენ ამტკიცებთ, თითქოს, ვინმემ ბინძური პროვოკაცია მოგიწყოთ და თქვენგან იმ კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამ ფონზე, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თქვენ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთ ქონებას ფლობთ, რომლის წარმომავლობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ თქვენვე აღიარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შესახებ და ამისთვის ციხეშიც წახვედით. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ “ქართული ოცნების” გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა. ამ ფონზე, თქვენი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა, თუმცა, მთავარ საკითხს მაინც ვერ გაექცევით.
თქვენი პოზიციით, დანაშაული მხოლოდ იმაში მიგიძღვით, რომ შემოსავლები დეკლარაციაში არ ასახეთ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც აიღეთ, თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია. თქვენივე აღიარებული ბრალის მიხედვით, აუცილებელია განმარტოთ, საიდან მიიღეთ მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდით?!
ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და მილიონების ღირებულების ძვირფასი საათები?! ამიტომ, მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით?! ბატონო ირაკლი, უკვე გამოქვეყნებული უშინაარსო, აბსურდული და სკანდალური ბრალდებებით გაჯერებული არაერთი წერილის შემდეგ, რომლებშიც ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარგიდგენიათ, იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგაოდებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ხმას გაძლევდათ და გენდობოდათ. გაეცით პასუხი ქართველ ხალხს.” - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
0
0