02/02/2026
22:34

"ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ, პირიქით - კეტავენ. ამ კანონს რაც შეეხება, მინდა ბატონ შალვას ვკითხო, მიზანი რა არის? გამჭვირვალობაზე რომ მთავრობა არ ღელავს, ეს ფაქტია, რაც ჩამოვთვალე იმითიც," - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
"ეს ყველაფერი მოწოდებულია ჩვენთვის ისე, რომ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა ფინანსური, პოლიტიკური პარტიების და, ზოგადად, პოლიტიკის, მაგრამ, კარგად ვიცით, თუ რას სჭირდება კონტროლი სინამდვილეში - კონტროლი სჭირდება ძალაუფლებას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს აქვთ კონფიდენციალურობის უფლება, მაგრამ იმას, ვინც ძალაუფლებას ფლობს, იმას ეხება გამჭვირვალობა, როგორც წესი. მთავარი მიზანი, რატომაც გამჭვირვალობა წარმოადგენს ღირებულებას, რასაც სამართალი იცავს, იცავს იმიტომ, რომ არა კონკრეტული "ენჯეოშნიკების" გამჭვირვალობა გაკონტროლდეს, არამედ იმისთვის, რომ ძალაუფლება გაკონტროლდეს. "ენჯეოშნიკების" თუ ნებისმიერი სხვა ასეთი ორგანიზაციების ძალაუფლება ყოველთვის იდგა იმაზე, მთავრობა რას გაითვალისწინებდა. მაგალითად, მილიონი კანონი გვინახავს, სადაც ეწერა, რომ ამას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების თანხმობა და ა.შ.
რაც შეეხება ძალაუფლების კონტროლს - მე პირიქით მრჩება განცდა, მაგალითად, ხელისუფლება მარტო ამ ნაწილში ხომ არ აკეთებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საქმეს?! მაგალითად, ჩვენ ვხედავთ სასამართლოს ნაწილში, სადაც ძალაუფლების კონტროლია საჭირო, იქ საერთოდ იხურება სასამართლო სხდომები, გადაღებები იკრძალება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს მისი ეთნიკურობის მიუხედავად, მაგრამ ჩვენ ვიცით, მაგალითად, არაბების ქეისი, სადაც ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრია ჩართული კამპანიაში, სადაც გვესმის, რომ არაბული ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაცია კი არ აქვს, როგორი უნდა იყოს. ფაქტობრივად ორივე მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფო მონაწილეობს. თუ გამჭვირვალობა ღირებულებაა, ეს არ უნდა იყოს გამჭვირვალე? სასამართლო არ უნდა იყოს გამჭვირვალე?
ასევე, მაგალითად, "გაზპრომის" კონტრაქტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რატომ გაიჟონაო. ოკუპანტ ქვეყანასთან რაღაც კონტრაქტს ვდებთ, მთელ საზოგადოებას ეხება და ის რომ გაჟონა და ხალხმა რაღაც გაიგო, თურმე სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილა. ასევე ეროვნული ბანკი, რომელიც ყოველდღიურად ყიდის და ყიდულობს დოლარს, ლარს და ა.შ. ჩვენ, პარლამენტის წევრები ვიყავით და სანდრო რაქვიაშვილს კანონპროექტი ჰქონდა შეტანილი, რომ იქნებ ჩვენ, მაკონტროლებლებს მოგვცეთ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვაჭრობების შესახებო - ესეც საიდუმლო იყო და არ მიიღეს ეს კანონი.
რომელი ერთი ჩამოვთვალო - ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ, პირიქით - კეტავენ. ამ კანონს რაც შეეხება, მინდა ბატონ შალვას ვკითხო, მიზანი რა არის? გამჭვირვალობაზე რომ მთავრობა არ ღელავს, ეს ფაქტია, რაც ჩამოვთვალე იმითიც," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0