
ამ დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, ეს იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ძალიან დახვეწილი ტალღა, რომელიც გავრცელდა კანონპროექტის გარშემო, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, როდესაც რუსულ კანონად დაიბრენდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს როდესაც ვაკავშირებით რუსეთთან, ამით პირდაპირ მტრის ხატი იქმნება და შესაბამისად, ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღისა და სიძულვილის ობიექტი, რამაც, საბოლოო ჯამში, აგრესია მოიტანა.
„პირველ ყოვლისა, აქციებს რაც შეეხება, რამდენიმე მომენტს ალბათ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოებაც დაფიქრდეს. სამწუხაროდ, ამ დღეებში ვიხილეთ ისეთი სახის ძალადობა, რომელიც, მე პირადად, არც კი მახსენდება ქართული აქციების ისტორიიდან, როდესაც მოლოტოვის კოქტეილები იქნა გამოყენებული, მათ შორის პარლამენტის შენობაში.
მნიშვნელოვანია, საზოგადოება დაფიქრდეს, საიდან მოდის ეს აგრესია აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან და ამას სჭირდება დროული გამიჯვნა, დაგმობა და ანალიზი, რომ ზოგადად აქციები არის დემოკრატიის თანმდევი პროცესი ყველა ქვეყანაში, სხვაგანაც ვაკვირდებით, თუმცა ქართული კულტურა მაინც გულისხმობდა, რომ არ ყოფილიყო აგრესია.
რაც შეეხება თავად აქციას, აქაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვფიქრობ, რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დახვეწილი ტალღა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, რომელიც გავრცელდა ამ საკითხის გარშემო. ფაქტობრივად, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, ინიცირებულიც კი არ იყო პროექტი, როდესაც ის დაიბრენდა როგორც რუსული კანონი. ძალიან საინტერესოა, თუკი მიადევნებს მაყურებელი თვალს, ვისგან წამოვიდა, როგორ განვითარდა, ეს ტერმინი როგორ დამკვიდრდა, რა კონტექსტში იყო გამოყენებული, ფაქტობრივად, ზიზღის გამაღვივებელი ტერმინი.
ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთთან, ამით პირდაპირ ვქმნით მტრის ხატს. მტრის ხატი იქმნება და შესაბამისად, ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღისა და სიძულვილის ობიექტი და ამანაც მოგვიტანა საბოლოო ჯამში ის აგრესია, რომელიც ამ აქციაზე იყო. გამოიწვიეს სიძულვილი ახალგაზრდობაში და ჩვენ ვნახეთ, რომ თინეიჯერები იყვნენ განსაკუთრებით ჩართული. ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი პროპაგანდისტული სვლა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0