
თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დიდი გამოწვევაა ამ ოკუპაციის თანმდევი პრობლემები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, დაწყებული უკანონო დაკავებებით და დამთავრებული ჩვენი მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების პრაქტიკულად, ჩამორთმევით. ამავე დროს, მათი გადაადგილების მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებით. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჩვენს ანგარიშში და ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში გამოვდივარ, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ მნიშვნელობას იმ 83 სოფლის, დასახლებული პუნქტის, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, იქ არსებულ მდგომარეობას და იმ აუცილებლობას, რომ იქ ადამიანებმა ცხოვრება გააგრძელონ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ თავიანთ სახლ-კარში განაგრძონ ცხოვრება, საქმიანობა და არ დატოვონ ეს ადგილები“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, არის მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს იქ მცხოვრებ ადამიანებს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სწავლის კუთხით შეღავათებს და ა.შ. თუმცა მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს ჰქონდეს გააზრებული სტრატეგია, როგორ უქმნის მოტივაციას აღნიშნულ 83 სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ მათ იქ გააგრძელონ ცხოვრება.
ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ გასული წელი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევით, ეს ეხება აქციებსა და მანიფესტაციებს და აქციებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებულ, ნაცემ ადამიანებს.
„ჩვენ ყველა შემთხვევაზე რეაგირება გაკეთებული გვაქვს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართული გვაქვს და ველოდებით მათ მიერ ეფექტურ გამოძიებას. შესაბამისად, შეფასებულიც გვაქვს ანგარიშში მათი საქმიანობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვიღაცამ დაარღვია კანონი და ამისთვის სახელმწიფომ მისცა პასუხისგებაში ერთ მხარეს, ეს მიდგომა არ იყოს ცალმხრივი და აუცილებელია, მეორე მხარესაც, ვინც კანონი დაარღვია, ვგულისხმობ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მათ მიმართაც დადგეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სხვანაირად, ცალმხრივად, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ნდობას არ იწვევს და ვერ იქნება ობიექტური. ჩემ ანგარიშში ამაზეც არის საუბარი, რომ ეს მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევებში თანაბარი“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა უამრავი ნაცემი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ნახა ფაქტები, როდესაც ნაცემი იყვნენ არა მხოლოდ სამართალდამცველების მხრიდან, არამედ საერთოდ რაღაც არაფორმალური ჯგუფის მხრიდან, რომლის შესახებაც დღემდე არ არის ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ ისინი.
„ეს საკითხი იყო და რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც საჭიროებს სამომავლოდ გააზრება-გადააზრებას, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენების კონტროლს“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ აქციები დღესაც იმართება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ძალადობრივ ინციდენტებს ადგილი აღარ აქვს, არცერთი მხრიდან.
„ჩვენ ვნახეთ ფაქტები ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გაცდომის. ასე რომ, მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადსაღებია ჩვენი ანგარიშის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ, მაგრამ პოლიციის რეაგირება უნდა იყოს მაქსიმალურად რეგლამენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოში. ის არ უნდა გასცდეს იმ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რასაც პოლიციას პოლიციის შესახებ კანონი უწესებს. ამის გადაცდომა იწვევს იმ შედეგებს, რაც ჩვენ ვნახეთ, უამრავი ნაცემი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა იოსელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სარგებლობენ თუ არა დაკავებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს პროცესს.
„ცალკეულ პროცესებს ვესწრებით და ვუყურებთ ამ ყველაფერს. როდესაც ადგილი აქვს პროცესზე საპროცესო უფლებაში რამე ტიპის შეზღუდვას, ან ჩარევას, ამაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს რეაგირება. უშუალოდ საქმის შინაარსზე გამიჭირდება საუბარი, ვინაიდან თვითონ საქმის ნაწილზე და შინაარსზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვიცნობთ საქმის მასალებს, წვდომა არ გვაქვს საგამოძიებო მასალებზე. რამდენიმე დაზარალებულმა მოიტანა თვითონ საქმის მასალები, მსჯავრდებულის ოჯახმა და იმის შესწავლის პროცესი მიდის, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ რომ გავაკეთოთ ანალიზი, სასამართლოს მიერ რამდენად სრულყოფილად იქნა საქმე გამოძიებული და გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში მიღებული, ამას სჭირდება არსებითად საქმის შესწავლა, რისი საშუალებაც გვექნება, როცა დასრულდება სასამართლო პროცესები და ალბათ, შემდეგ შევძლებთ ცალკეული საქმეების მიმართ ჩვენი მოსაზრების გამოთქმას“, – განაცხადა იოსელიანმა.
0
0