
„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ მალე პოპულისტი მემარჯვენე ლიდერები ევროკავშირის მასშტაბით ძალაუფლებას მოიპოვებენ და შემდეგ საქართველოსთვის წითელ ხალიჩას გაშლიან, - ამის შესახებ გამოცემა The Economist-ის სტატიაში, სახელწოდებით - „საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ არის ნათქვამი.
„ბევრ ყოფილ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობისკენ გზა გრძელი და რთულია. როგორც ჩანს, საქართველოს მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფი და სწორი გზა აირჩია. 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით საქმე აღძრა. ერთი კვირით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა“, - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვა თითქმის გადაწყვეტილი საკითხია. სასამართლო სისტემა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ არის“.
„საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა. თავიდან მისი წინამორბედების, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მიერ განსაზღვრულ პროევროპულ კურსს მიჰყვებოდა. ამან შედეგი 2023 წელს გამოიღო, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მანამდე ევროკავშირმა ეს უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გააკეთა, მაგრამ საქართველოსთვის პროცესი გადავადდა, მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გამო“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, „დასავლეთთან უთანხმოებისა და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების ნიშნები უკვე არსებობდა“.
„პარტია „ქართული ოცნება“, ოდესღაც სხვადასხვა პარტიების კოალიცია, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებისა და ამბიციების იარაღად იქცა. მაღალჩინოსნებმა LGBT ჯგუფებზე ზეწოლა დაიწყეს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. საქართველომ პირობა დადო, რომ რუსეთს დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, თუმცა თავად სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. ევროპიდან შემობრუნებამ რუსეთზე მზარდ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო. ფურცელზე, „ქართული ოცნება“ კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული რჩება. მაგრამ, თვლის, რომ ამის გაკეთება საკუთარი პირობებით შეუძლია და არა ევროპის. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ მალე პოპულისტი მემარჯვენე ლიდერები ევროკავშირის მასშტაბით ძალაუფლებას მოიპოვებენ და შემდეგ საქართველოსთვის წითელ ხალიჩას გაშლიან“, - აღნიშნულია სტატიაში.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025