
ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როდესაც მოვალ ამ დარბაზში უფრო მეტი ვისაუბროთ უფლებებზე, იმ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს და ნაკლები ვისაუბროთ პოლიტიკაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წლიდან წლამდე ადამიანის უფლების მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება და არ გაუარესდება.
„ჩემთვის მთავარია, იქნება პოლიტიკური ჯგუფი, პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, არავის ჰქონდეს განცდა, რომ სახალხო დამცველს ჰქონდა შესაძლებლობა რამე გაეკეთებინა და მან ეს არ გააკეთა; მანდატი ამას ავალდებულებდა და ამაზე უარი თქვა, ეს არის ყველაზე მთავარი და ის თუ ვის როგორი აღქმა ექნება ჩემი, მეორეხარისხოვანია. საბოლოო ჯაში ყველაფერი თავს იყრის ანგარიშში, რომელსაც სახალხო დამცველი წარმოადგენს.
ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როდესაც მოვალ ამ დარბაზში უფრო მეტი ვისაუბროთ უფლებებზე, იმ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს და ნაკლები ვისაუბროთ პოლიტიკაზე. მე წარმოვადგენ მთელ ინსტიტუციას. ამ შემთხვევაში, როგორც ლევან იოსელიანი, ხომ არ გესაუბრებით. გესაუბრებით, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც ამ ორგანოს სახელით საუბრობს. ამიტომ ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ პასუხები გავცე კითხვებს, რომელიც მე მომემართება.
იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ადამიანის უფლების მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება და არ გაუარესდება“,- განაცხადა იოსელიანმა.
0
0