
ასე ერთხელ მოსვლით, სამ და ოთხ თვეში ერთჯერ პაციენტის ნახვით კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა, შემდეგ რაღაც პროგნოზების გაკეთება და ა.შ., ვთვლი, რომ არ არის მთლად სერიოზული, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მინდა, გულისტკივილი გამოვხატო და ვისურვებდი, მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის მხრიდან ჩვენს კლინიკასთან, ჩვენს ექიმებთან, ჩვენთან რომ ყოფილიყო მსჯელობა თუნდაც მათი ნახვის შემდეგ. თუ არ ვცდები, ეს მათი მესამე ვიზიტია უკვე და არცერთხელ არ შემდგარა განხილვა პაციენტის შესახებ. ასე ერთხელ მოსვლით, სამ თვეში ერთჯერ თუ ოთხ თვეში ერთჯერ პაციენტის ნახვით, მაშინ, როდესაც არ ყოფილა ნანახი მიმდინარე სამედიცინო ისტორია, არ ყოფილა განხილული თუნდაც ლაბორატორიული კვლევის ბოლო შედეგები, ინსტრუმენტული კვლევის შედეგები, რაღაც კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა, შემდეგ რაღაც პროგნოზების გაკეთება და ა.შ., ვთვლი, რომ არ არის მთლად სერიოზული. ვისურვებდი, ეს ყველაფერი ყოფილიყო უფრო პროფესიონალურ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლების, კოლეგების შეხვედრას და ავადმყოფობის ისტორიის განხილვას “, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, კლინიკას პაციენტისთვის შეთავაზებული აქვს მკურნალობა, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო გაიდლაინებთან, იქნება ეს დასავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო კლინიკების თუ აშშ-ის სამედიცინო სკოლების გაიდლაინები.
ზურაბ ჩხაიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებასათან დაკავშირებით, რომ კლინიკა „ვივამედი“ პაციენტის ფსიქოლოგიურ ინტერვენციას ვერ უზრუნველყოფს, აღნიშნა, რომ პაციენტს კლინიკამ შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია არაერთხელ შესთავაზა.
„მოწვეულიც გვყავდა სპეციალისტი და გვაქვს სპეციალისტების არაერთი კონსულტაცია, რომელზეც ისაუბრა ბატონმა თენგიზმა, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ჩამოყალიბებულია დიაგნოზი, მაგრამ აქ დიაგნოზებში თანხვედრა კონსილიუმის წევრებთან მთლად არ ხდება. სხვათა შორის, მათივე კონსილიუმის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ეს არის გარემოსთან შეუგუებლობით გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებთან ასეთი განცხადება კეთდებოდა. ჩვენ გვაქვს დიაგნოზები 2022 წლის 18 მაისის, 11 ოქტომბრის, რომელიც სპეციალისტის მიერ არის გამოტანილი, რომ ეს არის იძულებით თავისუფლების აღკვეთის მდგომარეობა. ჩვენ ამაზე ყოველთვის გვქონდა ყურადღება გამახვილებული და, შესაბამისად, გარდა ამ სპეციალისტისა, რამდენჯერმე მოწვეული გვყავდა ფსიქოლოგიც, თუმცა ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე სეანსის ჩატარების შემდეგ პაციენტი უარს აცხადებდა ამ სეანსების გაგრძელებაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.
0
0