23/12/2024
18:17
პოლიტიკა
ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ - პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ, ჩვენ ერთგული ვართ დაპირებების, ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბიზნესის ფართო წარმომადგენლობასთან. პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო დიალოგის რეჟიმში წარმართა შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში უმსხვილესი ბიზნესი. აქ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კურსს უჭერენ მხარს, ადამიანები, რომლებსაც კითხვები გააჩნიათ. საკმაოდ საინტერესო დიალოგის რეჟიმში, ვფიქრობ, პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რაც ქართულ ბიზნესს აწუხებს და ალბათ, რაც საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს. განსაკუთრებით, საუბარი იყო პერსპექტივასა და მომავლის ხედვაზე, მათ შორის, ხელისუფლების კურსზე. სამწუხაროდ, მიუხედავად ბევრი განმარტებისა და ხშირი კომუნიკაციისა, ამ საკითხებზე ხდება აპელირება, მათ შორის ოპოზიციური ძალებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით, ის, რომ ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული. ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგებს, რომელსაც ვგეგმავთ. ამ ყველაფერზე პრემიერმა დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა. შევეხეთ მიმდინარე პროცესებს, უკიდურეს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით დღეს ჩვენს ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე და სურს კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა ჩვენი საზოგადოების თუ ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფი, ვფიქრობ, რომ სურვილი ყველას ერთი აქვს, ამ ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა, სტაბილური და პროგნოზირებადი განვითარების გარემო.
ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ეკონომიკური პროცესები არის მგრძნობიარე. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა იმის, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარება გავაგრძელოთ. აქედან გამომდინარე, ეს იყო დისკუსიის საგანი და ის თუ როგორია ჩვენი მოლოდინები.
ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რომელიც ვფიქრობ, ბიზნესის დიდი ნაწილისთვის იყო საკმაოდ დამაჯერებელი. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ამაზე სრული მზადყოფნა იყო პრემიერის მხრიდან. გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, იმისთვის, რომ მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0