19/11/2022
18:42
პოლიტიკა
გააჩნია, ვის უფრო კარგი “ქურქუმალ ვაითი” ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე ვინ გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს“.
„გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე. აი, ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. არის მეორე საკითხი, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს და ვინ უფრო დამაზიანებელ დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს. ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, თუ რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელი შეუშალოს. აი, ესაა მთელი სურათი, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება, როდესაც ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მისივე თქმით, მეორე ხარისხოვანი ვერ იქნება ფინანსური მხარეც.
"ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელი ჯგუფი ჩაიგდებს უპირატესობას ხელში. არანაირი ინტელექტუალური რესურსი დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია, რომ ქვეყნისთვის იზრუნოს, იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ოპოზიციური პლატფორმიდან. ეს არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის შეთქმულთა ბანაკი და სამწუხაროდ, შეთქმულება საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გიორგი ვოლსკიმ “ქურქუმალ ვაითით” ლევან ხაბეიშვილზე მიანიშნა. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში CV-ის განმარტებისას “ქურქუმალ ვაითზე” იხუმრა.
0
0