29/12/2024
13:39
პოლიტიკა
არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი სასახლეს არ დატოვებდა. ვის, რაში სჭირდება სასახლე. ხვალ შევა ის „ფუტბალისტი“ და არა ფეხბურთელი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსი ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება.
„ყაველაშვილს დროებით მოუწევს ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან მალე ჩატარდება არჩევნები. არჩევნების შედეგად შეიკრიბება ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი და ახალი პრეზიდენტი აირჩევა. ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი რომ არის ქვეყანაში, ამას მგონი თვალს უკვე ყველა უსწორებს. შესაბამისად, ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და მიმართულებით არავინ ძალისხმევას არ დააკლებს. ქალბატონი ზურაბიშვილის როლი ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თითოეული აქ მყოფი ადამიანის როლი და ამ ყველაფერმა გამოიღო უკვე შედეგი - მთელი დემოკრატიული მსოფლიო დგას ქართული საზოგადოების, მოსახლეობის გვერდით. ქართველმა ხალხმა დაუფასა ქალბატონ ზურაბიშვილს მტკიცე და მართალი პოზიცია უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. მანამდე, იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვქონდა, ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი. რა არის ცხოვრება და რა სიურპრიზს არ გიმზადებს ადამიანს. 6 წლის წინ, როდესაც მისი ინაუგურაცია უნდა გამართულიყო თელავში, მისი ინაუგურაციის ჩასაშლელად ათასობით ადამიანი მივდიოდით. მიგვაჩნდა, რომ ის არ იყო, მაშინ სამართლიანი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი და ახლაც იგივე მიმაჩნია, რომ მაშინ არჩევნები გაყალბდა. მთელი წლების განმავლობაში აცდენა იყო მასა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციებს შორის, მაგრამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, როცა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დადგა ქართული საზოგადოება, ის ქართველი ხალხის გვერდით დადგა და ქართველმა ხალხმაც ამ პოზიციიდან გამომდინარე, ქალბატონი ზურაბიშვილი შეიყვარა და მას ყველანაირად გვერდში უდგას. როგორც ჩანს, ძალიან მალე დემოკრატიული მსოფლიოც მას ოფიციალურად აღიარებს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საქართველოში“,- განაცხადა მელიამ.
ამასთან, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა დროებითია.
„გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა ძალიან ღიად გადაწყვიტა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, მას წლების განმავლობაში დაწყებული ჰქონდა ანტიპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი უნდა იყოს ერთფეროვანი, პოლიტიკური პარტიები უნდა გადაექცია ფულის საჭრელ დაზგად, მხოლოდ და მხოლოდ საყვირებად და ყველა ამ ქვეყანაში მორჩილი ყოფილიყო. აირჩიეს „ფუტბალისტი“ და არა ფეხბურთელი. განგებ მინდა ამას ხაზი გავუსვა, რა მდგომარეობაში აყენებს ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ყაველაშვილის პრეზიდენტად კურთხევის შემდეგ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს დროებითი მოცემულობა არის. ეს არის ივანიშვილის სანოტარო ბიურო, რომელსაც თვითონაც დასწრებია. სანოტარო ბიურო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რას დაადასტურებს, ქართველ ხალხს არ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს სიმართლე და თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის იბრძვის“,-განაცხადა მელიამ.
0
0