„ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება „ხალხის ძალის“ ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის განცხადებას, რომლის თანახმად ყიფიანმა ე.წ. აგენტების კანონი და მისი მხარდამჭერები გააკრიტიკა.
მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.
„ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის“, - განაცხადა ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მისი მხარდამჭერები გააკრიტიკა.
0
0