
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა არამეგობრულად მიიჩნია და ის „როლების არევაში“ დაადანაშაულა.
ორბანის თქმით, ზელენსკი ისე იქცევა, თითქოს უკრაინა „ევროკავშირშია“. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი იწყებს მოსახლეობის გამოკითხვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ გადაწყვეტილებების ბლოკირებას „ანტიევროპული“ უწოდა, „რაც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის“.
„ახლა სერიოზული სირთულეებია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის სამიტის შედეგების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გაგრძელების შესახებ საბოლოო დოკუმენტი შემუშავდა. შესაბამის პუნქტს მხოლოდ უნგრეთმა არ დაუჭირა მხარი. მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა „სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.
0
0