
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გასულ კვირას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის შესაძლო მიზეზებს შორის „საგარეო თავდასხმას“ ასახელებს.
ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
როგორც უნგრეთის პრემიერი წერს, მან მოისმინა ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში.
„გამოძიება სრული სვლით მიდის. ჩვენ ჯერ არ ვიცით, იყო ეს უბედური შემთხვევა, გაუმართაობა, თუ საგარეო თავდასხმა. საზჰალომბატაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნგრეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საწარმოების ხუთეულში შედის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელებს ურჩია ნავთობსადენ „დრუჟბას“ აფეთქება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის“, – წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასები უკვე გაიზარდა. როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, მან ეკონომიკის მინისტრს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია MOL-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა, რათა აცნობოს, რომ კომპანიას არ შეუძლია დაკარგული სარგებლის საწვავის ფასის გაზრდით კომპენსირება.
უნგრეთის ერთ-ერთ მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი 21 ოქტომბერს გაჩნდა. საზჰალომბატაში მდებარე ქარხანა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც ძირითადად რუსეთიდან მიღებულ ნავთობს ამუშავებს.
0
0