
გუშინ უნგრეთს ღიად და უხეშად დაემუქრა უკრაინა. ეს იყო შანტაჟი და ცხადად ითქვა, რომ მათთვის მიუღებელია, უნგრელმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა უნგრეთის მადლობელი უნდა იყოს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით მინდა, გაგაცნოთ, რომ გუშინ უნგრეთს ღიად და უხეშად დაემუქრა უკრაინა. ეს იყო შანტაჟი და ცხადად ითქვა, რომ მათთვის მიუღებელია, უნგრელმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამიტომ, დაგვემუქრნენ, დაგვაშანტაჟეს და ამას ვუპასუხებთ, რომ უკრაინა მადლობელი უნდა იყოს უნგრეთის მიმართ. არასოდეს გვითქვამს ცუდი უკრაინაზე, მათ ლტოლვილებს მივეცით თავშესაფარი, უნგრეთში მივიღეთ უკრაინელები. მივეცით საშუალება, ყველა საჯარო სერვისით ესარგებლათ, უკრაინელებისთვის ზრუნვა არ მოგვიკლია, განათლებას ვაძლევთ უკრაინელ ბავშვებს. უკრაინის პრეზიდენტს ვურჩევთ, მადლობა გამოხატოს უნგრეთის მიმართ, არ დააშანტაჟოს და არ დაემუქროს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „ვიქტორ ორბანის პოლიტიკა უკრაინის და ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, ის ამას შიდა პოლიტიკაში იყენებს, სურს, უკრაინაში ომი არჩევნებში საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს“. ზელენსკის თქმით, ორბანი „ისტორიულ შეცდომას“ უშვებს და არ ესმის, რომ მის პოლიტიკას „გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 11 ივნისს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას და აღნიშნა: „ზელენსკი თავს დაგვესხა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი. ჩვენ არ გვინდა, ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებში დაბრუნდნენ და უნგრელების ფული უკრაინაში წავიდეს“.
0
0