
უკრაინელებმა უარი უნდა თქვან ბრიუსელის მიმართ მოთხოვნაზე, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, ის ჩვენი მტერია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს.
„ახლა ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში. მე უნგრელებს ვეუბნები, რომ ჩვენ არ უნდა გვინდოდეს მათთან ერთად სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრობა, რადგან ეს პრობლემებს გამოიწვევს, ორგვარ პრობლემას. პირველი – ისინი ომში ჩაგვითრევენ. ეს სიმართლედ რჩება მაშინაც, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. ვის შეუძლია, გარანტია მოგვცეს, რომ ერთი წლის, ორი წლის შემდეგ ომი აღარ იქნება იმავე ფორმით? არავის შეუძლია ამის გარანტირება. ჩვენ წევრები თუ ვიქნებით, ისინი ომში ჩაგვითრევენ, ამიტომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში უახლოეს მომავალში. ისინი წარმოადგენენ ჩვენთვის ომის მუდმივ საფრთხეს, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება, წარმოიშვას რუსეთ-უკრაინის ახალი კონფლიქტი და ჩვენც ჩავერთებით ამ კონფლიქტში, რომელთანაც არაფერი გვაქვს საერთო; მეორე პრობლემა იქნება, თუ უკრაინელებს შემოვუშვებთ. ფერმერები, ჩვენი ადგილობრივი მწარმოებლები უკვე წუწუნებენ იქიდან შემოსული მიგრანტების გამო. გაცილებით მარტივი რეგულაციებით წარმოებული, უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ იაფი პროდუქტები უკვე გამოწვევაა უნგრეთის სოფლის მეურნეობისთვის“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთმა უნდა დაამყაროს უკრაინასთან თანამშრომლობის რაიმე ფორმა, რომელიც სასარგებლო იქნება ორივესთვის.
„ისეთი რამ, რაც ყველასთვის კარგი იქნება და არა ისეთი რამ, რაც მხოლოდ მათთვის იქნება სასარგებლო და ჩვენთვის ზიანის მომტანი. ამას მე სტრატეგიულ პარტნიორობას ვუწოდებ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ წევრობაზე არა, არამედ იმაზე, როგორ ვივაჭრებთ, როგორ განვახორციელებთ ინვესტიციებს ისეთი ვალდებულების აღების გარეშე, რომელიც მათთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაგვითრევს. ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინელებთან, მაგრამ წევრობა გამორიცხულია. უკრაინელებმა უნდა გაიგონ, მათ უნდა თქვან უარი ბრიუსელში გაჟღერებულ მუდმივ მოთხოვნებზე, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, უკრაინა ჩვენი მტერია“, – განაცხადა ორბანმა.
1ტვ
0
0