
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ შეთანხმებული უკრაინის დაფინანსების გეგმა დაკარგული ფულია.
მისი თქმით, ამ გეგმაში უნგრეთი არ მონაწილეობს.
„უნგრეთი ამაში მონაწილეობას არ იღებს. ვფიქრობ, ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ყველა დანარჩენი, ჩეხებისა და სლოვაკების გარდა, ფიქრობს, ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, ეს უკიდურესად ცუდი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ევროპას ომთან აახლოებს და ეს სესხს ჰგავს. რა თქმა უნდა, უკრაინელები ვერასდროს შეძლებენ მის დაბრუნებას, ასე რომ, ეს ძირითადად დაკარგული ფულია. ისინი, ვინც ამ სესხის უკან დგანან, აიღებენ პასუხისმგებლობას და ამის ფინანსურ შედეგებს. სამმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ ყოფილიყო ამის მონაწილე. ეს არის ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის უარი. ასე რომ, ჩვენ უდანაშაულოები ვართ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
შეგახსენებეთ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ. ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24-ის ერთობლივი სესხით. უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შეთანხმდნენ, გეგმა განხორციელდებოდა იმ პირობით, რომ მათზე ფინანსურად არ იმოქმედებდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ინფორმაციით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ არის გადაწყვეტილება მიღებული.
0
0