
მაინტერესებს, ეს ვიდეო პოლონეთშია გადაღებული, თუ თქვენი უფროსების მიერ ბერლინში?, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პოლონელი კოლეგის, დონალდ ტუსკის პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მას პრორუსული პოზიციის გატარებაში ადანაშაულებენ.
პოლონეთის სამოქალაქო პარტიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ორბანის წინააღმდეგ იყო მიმართული და უნგრეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების აუდიოჩანაწერს ეხებოდა.
ეს ვიდეო მოგვიანებით ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა.
„ძვირფასო დონალდ ტუსკ, მაინტერესებს, ეს ვიდეო პოლონეთში გადაიღეს, თუ ბერლინში თქვენმა უფროსებმა? მე ვიბრძვი იმისთვის, რაც უკეთესია უნგრელებისთვის. იყო დრო, როდესაც თქვენც იგივეს აკეთებდით პოლონეთისთვის“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საუბრების აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების გამოქვეყნებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
0
0