
მახსოვს, ერთი წლის წინ ერთად აღვნიშნეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვება. ეს ზღაპრული წარმატება იყო მსოფლიოს პატრიოტული ძალებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლური სამყარო უკეთესი ადგილი გახდა, ხოლო გენდერული პროპაგანდა და „ვოუქიზმი“ შემცირდა.
„ამაყად შეგიძლიათ, ქრისტიანობა ჩვენი ცივილიზაციის საფუძვლად და გამაერთიანებელ ძალად ჩათვალოთ. დედა ქალია და მამა – კაცი, ხოლო ოჯახი ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ჩვენ არ გვინდა მიგრაცია. ჩვენ ასევე შევაჩერეთ „მწვანე სიგიჟე“. სამყაროს დაცვა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი და ეს ცვლილება პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებაა. დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კონსერვატიული ძალები ძლიერდებიან. მან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოვლენები მსგავსი სცენარით პოლონეთშიც განვითარდება.
„აქ, ევროპაში, ჩვენც გავძლიერდით. ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა ჩეხეთის არჩევნებში. ჩეხეთის გარეშე ძლიერი ცენტრალური ევროპა არ არსებობს. გილოცავთ, ანდრეი. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ თქვენთან ვართ და თქვენთან ვდგავართ ამ ტერორისტული თავდასხმის შემდეგაც. ბატონებო, ველოდებით პოლონეთს ნახევარი ფუტით. ჩემმა მეგობარმა მაკიმ და მისმა გუნდმა ბარიერი უკვე გადალახეს. ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში (V4) უკვე „სამნახევარი“ ქვეყანაა. ჩვენთან ერთად ველოდებით პოლონეთის არჩევნებს, რომელიც მნიშვნელოვანია. გთხოვთ, შეასრულოთ თქვენი მისია“, – განაცხადა ორბანმა.
0
0