
ჩვენ თანავუგრძნობთ შვედ ხალხს, ისინი არეულობაში არიან ჩარჩენილები, ხოლო მათი ლიდერები დროს თითის გაშვერაში ხარჯავენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს და თავის შვედ კოლეგას აკრიტიკებს.
ამასთან, ორბანი კრიმინალის კუთხით უნგრეთისა და შვედეთის მონაცემებს ადარებს.
„ჩვენ თანავუგრძნობთ შვედ ხალხს – ისინი არეულობაში არიან ჩარჩენილები, ხოლო მათი ლიდერები დროს თითის გაშვერაში ხარჯავენ. მოდით, ფაქტებს გადავხედოთ: უნგრეთი: 0 დაბომბვა, 0 არალეგალი მიგრანტი, 132 კონტრაბანდისტის დაკავება, 16 000 არალეგალი მიგრანტის დაკავება მხოლოდ 2024 წელს. უსაფრთხო, მოწესრიგებული, კონტროლის ქვეშ. შვედეთი: ბანდებთან დაკავშირებული 317 აფეთქება 2024 წელს, 32 ამ წლის იანვარში, 62 000 დაკავშირებული კრიმინალურ ქსელებთან, 8 935 არალეგალი მიგრანტი, იარაღით მკვლელობის მაჩვენებელი ოთხი ადამიანი ერთ მილიონზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 1.6-ია. შვედეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს: „სრულიად ნათელია, რომ ჩვენ არ გვაქვს კონტროლი ძალადობის ამ ტალღაზე“. კანონი და წესრიგი ინგრევა, მაგრამ ისინი კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავენ. ეს ქაოსი არ უნდა იყოს ევროპის მომავალი, ჩვენი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ორბანი.
თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შვედეთი ადრე წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, დღეს კი შვედეთში ოჯახები შიშში ცხოვრობენ, „აღმაშფოთებელი ტყუილი“ უწოდა.
„ეს აღმაშფოთებელი ტყუილია. გასაკვირი არ არის, რომ ეს იმ კაცისგან მოდის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კანონის უზენაესობას არღვევს. ორბანი უნგრეთში მომავალი არჩევნების წინ სასოწარკვეთილია“, – დაწერა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
0
0