
ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ოლაფ შოლცი ამერიკელებს წინააღმდეგობას უწევდა ომში მონაწილეობის საკითხში.
„მე იქ ვიყავი, მე ვნახე, მე ამის მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ ამერიკელები გერმანელებს ამ ომში. არ დაგავიწყდეთ, ეს არ ყოფილა თქვენი არჩევანი. არ ვიცი, ახლა როგორ არის ეს გერმანიაში ინტერპრეტირებული, მაგრამ ომი არ ყოფილა თქვენი არჩევანი. კანცლერი შოლციც კი ეწინააღმდეგებოდა ამას. გერმანიის კანცლერი კვირებისა და თვეების განმავლობაში იბრძოდა, რომ გერმანელები არ ყოფილიყვნენ ომში ჩართული, მაგრამ ბაიდენის დემოკრატების ადმინისტრაცია ყველა ჩვენგანს გვიბიძგებდა – მე არა, რადგან წინააღმდეგობა გავწიე და წავედი, მაგრამ გერმანელებს უბიძგებდნენ ამ ომში. მე ვუთხარი შოლცს და ყველას მაგიდასთან, რომ ბაიდენისგან წამოსულ ზეწოლას თუ მიიღებთ, რომ ომში შეხვიდეთ, შემდეგ დადგება მომენტი, როდესაც ამერიკელები გავლენ და ჩვენ მარტო დავრჩებით. არ გააკეთოთ ეს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა გერმანიის კიდევ ერთ ყოფილ კანცლერზე, ანგელა მერკელზე და აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მერკელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ეთანხმებოდა.
„სტრატეგიულად, რა არის ევროპის ინტერესები, როგორია რუსეთთან ურთიერთობები, თითქმის ასი პროცენტით ვეთანხმებოდი ანგელა მერკელს. ევროკავშირის საბჭოზე იყო მომენტები, ის და მე ვიყავით ერთადერთები, რომლებიც მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმაზე ვიყავით. მე ვაკვირდები, რა ხდება გერმანიაში, ახლა საკმაოდ მოდურია მასზე ცუდი რაღაცების თქმა. ეს არ არის სამართლიანი. მან კარგი რაღაცები გააკეთა გერმანიისთვის, ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ცუდი რაღაცებიც. რუსეთის საკითხში ის მართალი იყო. ომის დაწყების დროს ის რომ ყოფილიყო კანცლერი, ომი არ იქნებოდა, რადგან დაუყოვნებლივ დარეკავდა პუტინთან და ომი არ იქნებოდა. სატელეფონო საუბარი პირველი ნაბიჯია, მაგრამ შემდეგ არის გაგრძელება, დიალოგი და დიალოგს შეუძლია ეს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
0
0