
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ვაშინგტონთან „ფინანსური ფარის“ შესახებ, რომელიც დაიცავს ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ფინანსებს.
ამის შესახებ ორბანმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„შევთანხმდი აშშ-ის პრეზიდენტთან ფინანსურ ფარზე. თუ უნგრეთის ან მისი ფინანსური სისტემის წინააღმდეგ რაიმე გარე თავდასხმა მოხდება, ამერიკელებმა სიტყვა მომცეს, რომ ასეთ შემთხვევაში დაიცავენ უნგრეთის ფინანსურ სტაბილურობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს დონალდ ტრამპთან შეთანხმება, თუმცა ორბანის თქმით, უნგრეთს დაფინანსების პრობლემები არ ექნება.
„ის, რომ უნგრეთზე ან მის ვალუტაზე შეიძლება თავდასხმა განხორციელდეს, ან რომ უნგრეთის ბიუჯეტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ეს უნდა დაივიწყონ“, – განაცხადა ორბანმა.
0
0