
უნგრეთი გეგმავს კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც აქციების დროს ხიდების გადაკეტვა აიკრძალება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის განმარტებით, აღნიშნული ცვილილება საჭიროა, რათა დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, ვინც არ მონაწილეობს აქციებში.
„შეკრების თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ნორმალური, რომ ამავე დროს ათასობით ან ათეულ ათასობით ადამიანი საცობში იყოს“, – განაცხადა ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში.
ორბანის თქმით, ახალი კანონი საჭიროა ხიდების ბლოკადის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ხიდების გადაკეტვის კანონიერი უფლება აქვთ.
„მოსამართლეები იყენებენ კანონს, რომელიც მთავრობამ მიიღო. ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ – შევცვალოთ კანონი, რათა თავიდან ავიცილოთ რამდენიმე ხიდის ბლოკირება სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთში რამდენიმე კვირაა, პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.
0
0