
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მას არ ეშინია მომდევნო არჩევნებში დამარცხების. ეს განხადება ორბანმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორბანს მისი მთავარი ოპონენტი, პარტია „ტიზას“ ლიდერი პეტერ მადიარი საგრძნობლად ასწრებს.
„პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ მას აქვს ოპოზიციაში ყოფნის „გამოცდილება“ და ის არ წუხს თავის შესაძლო პოლიტიკურ მომავალზე.
„მე რეკორდსმენი ვარ არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრად ყოფნაში, არამედ რეკორდი მაქვს დამყარებული ოპოზიციის ლიდერად ყოფნაშიც. მე მაქვს გამოცდილება. მე 16 წელი მაქვს გატარებული ოპოზიციის ლიდერად“, – თქვა ორბანმა.
ამავე ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და განაცხადა, რომ მისი მთავარი ოპონენტი მომავალ არჩევნებზე არა პეტერ მადიარი, არამედ ბრიუსელია. ორბანის თქმით, ევროკავშირი უნგრეთს აშანტაჟებს.
„ევროკავშირი ჩვენთვის წარმოადგენს საფრთხეს. ისინი ჩვენ გვაშანტაჟებენ. ისინი ცდილობენ ჩვენს გაგუდვას ეკონომიკურად და ფინანსურად. ბრიუსელს სურს უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა. მათ სურთ, უნგრეთში ისეთივე მთავრობა იყოს ,როგორიც მათ დასვეს პოლონეთში, რომელიც ასრულებს ბრიუსელის მითითებებს მიგრაციის, ეკონომიკისა და ომის საკითხებში“, – განაცხადა ორბანმა.
0
0