29/07/2023
15:48
პოლიტიკა
ვინმეს შეერთებას ვაპირებთ რა, საფეხბურთო ნაკრებს ხომ არ ვაკეთებთ? - არავის ვეხვეწებით, არავის ვეძებთ ქუჩაში, მაგრამ ვინც მოვა, მათთვის ჩვენი კარი და გული ღიაა - მოლაპარაკებები გვაქვს და ოქტომბერ-ნოემბერში ვაპირებთ შემომატების ერთი ფაზის გაკეთებას, ყველაზე დიდი, მთავარი საარჩევნო ფაზა კი მარტში იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „გამარჯვების პლატფორმას“ დიდი პერსპექტივა აქვს.
„გამარჯვების პლატფორმას“ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, უკვე დავიწყეთ რეგიონებში გასვლაб საქართველოს სოფლების თითქმის 10%-ს მოივლის ეს პროგრამა და ყველა ქალაქსა და სოფელში „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება უამრავი მხარდამჭერი ყველა პროფესიის, ყველა თაობის პროფესიონალი ადამიანების გუნდით. ვინმეს შეერთებას ვაპირებთ რა, საფეხბურთო ნაკრებს ხომ არ ვაკეთებთ? პროდასავლური, პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანების საკრებულოს ვაკეთებთ. არავის ვეხვეწებით, არავის ვეძებთ ქუჩაში, მაგრამ ვინც მოვა, მათთვის ჩვენი კარი და გული ღიაა. ადამიანებს, ვინც საუბრობენ იმაზე, რომ ახლა მთავარი „ნაცი-ქოცის“ პარადიგმაა, მზად ვარ, კალენდარი ვაჩუქო -2012 წელს იყო „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული საკითხები - ისინი ხელისუფლებაში არ არიან 11 წელია; ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს რუსეთში მიაქანებს. ჯერ ამ პრობლემას ვუმკურნალოთ და შემდეგ გადავიდეთ ისტორიის კვლევაში“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება კრიტიკას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი სახეები დაბრუნდნენ, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილი, მანჯგალაძე ამბობს, რომ „ხელისუფლებას საოცარი რიტორიკა აქვს“.
„ჯერ იყო, ხაბეიშვილმა ახალგაზრდები დაასახელა და ვინ არის, არავინ იცნობსო. ახლა დაასახელა პროფესიონალი ჭიაბერაშვილი, ეს ძველი სახეაო. აბა როგორ გააკეთონ, უცხოპლანეტელებს ხომ არ ჩამოიყვანენ? შეთანხმდეს „ქართული ოცნება“ - ახალგაზრდებზე იძახიან არაფერი იციანო, ძველგაზრდებზე ამბობენ, ძველები რატომ მოგყავთო, მგონი, არ უნდათ საერთოდ რომ ვარსებობდეთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს და განაცხადა, რომ „ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა შეუძლებელია და ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს“.
„როდესაც პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობს, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ეს უნდა ჩავთვალოთ პროგრესად ღარიბაშვილის მხრიდან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0