
"მარტივი არ იქნება, ეს რთული გზაა, მაგრამ ჩვენი სისტემური, კომპლექსური მუშაობის შედეგად ჩვენს „გამარჯვების პლატფორმას“ შეუძლია პირველი ადგილი მოიპოვოს შემდგომ არჩევნებში - რაც თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“, ამ ბნელი „რუსული ძალის“ გაშვებას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
კითხვაზე, თქვენი პარტია საბოლოოდ შეერწყმება „ნაციონალურ მოძრაობას“, რაზეც ვაშაძე ამბობს, რომ „არა, ყველა ბლოკი, პოლიტიკური თუ სამართლებრივი იქნება, ყოველთვის ერთი სიით გამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არსებობას ვწყვეტთ“.
„არა პირიქით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს თავისი იდენტობა. სახელწოდება რისი სია იქნება ამაზე ჩვენ შევჯერდებით მომავალში, ანუ რა ეწერება სიაში ამ პოლიტიკური ბლოკის სახელად, ამაზე ჩვენ მომავალში შევჯერდებით.გაერთიანებაზე ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ შევქმნით ცალკე საბჭოს, რომელშიც ყველანი თანაბარი უფლების მქონენი ვიქნებით და გადაწყვეტილებებს მივიღებთ. აი, ის ახალი ადამიანები, რომლებიც შეიძლება შემოგვიერთდნენ, მათაც ვეპატიჟებით ამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმში, რომელიც იქნება ამ პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. რაც შეეხება გაერთიანების ლიდერს, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება ის იქნება საარჩევნო კამპანიის ლიდერი და სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0