ვინც მხარს უჭერს რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებას, ის მხარს უჭერს ესკალაციას და არეულობას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას ითხოვენ.
იონათამიშვილის თქმით, მსგავსი მოთხოვნა მოლდოვასთვის არ წაუყენებიათ, რაც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა.
„იმავეს არ სთხოვენ მოლდოვას და მაინც და მაინც საქართველოს სთხოვენ, რომ პირდაპირი სანქციები დააწესოს. ვფიქრობ, აქედანაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და არაკეთილსინდისიერება, როგორც მინიმუმ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, პირდაპირი სანქციები ეს არის სწორედ ესკალაციის და მეორე ფრონტის გახსნის სცენარი. ამიტომ, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებას, ის მხარს უჭერს ესკალაციას და არეულობას საქართველოში”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0