05/05/2023
14:10
მსოფლიო
როგორც BBC-ი წერს, მოვლენების ოფიციალური ვერსიის - კრემლის ვერსიის მიხედვით, ეს იყო უკრაინული ორი უპილოტო თვითმფრინავის - დრონების თავდასხმა, რომლის სამიზნე თავად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ნაკლებად სავარაუდოა. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში მუშაობს და იქ ბინა აქვს, მაგრამ მისი მთავარი რეზიდენცია „ნოვო-ოგარიოვო“ მოსკოვიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.
ერთ-ერთი ანალიტიკოსის შეფასებით, „ასაფეთქებელი მუხტი, რომელსაც ასეთი თვითმფრინავები ატარებენ, ობიექტს დიდ ზიანს არ აყენებს. ეს თავდასხმა აშკარად მხოლოდ საჩვენებლად იყო“.
უკრაინა პრეზიდენტ პუტინის მკვლელობის მცდელობას უარყოფს. „ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს და მოსკოვს. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით და ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის,“ - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ექსპერტების შეფასებით, თუ ეს ოპერაცია მართლაც უკრაინის ან კიევის მხარდამჭერი რუსული ჯგუფის მიერ მოფიქრებული და განხორციელებული, ან თუნდაც "მხოლოდ საჩვენებელ“ თავდასხმას წარმოადგენდა, ეს მაინც ძალიან სამარცხვინო იქნებოდა კრემლისთვის, რადგან რუსეთის ხელმძღვანელების ადგილ-სამყოფელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული კომპლექსია.
მართლაც სამარცხვინო უნდა იყოს, როცა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული რამდენიმე დრონი კრემლზე თავდასხმას ცდილობდა - მიუხედავად ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემისა, რომელიც მოსკოვს იცავს. არსებობს დაბლოკვის სისტემებივ, რომლის მიხედვით, კრემლს შეუძლია სახიფათო უპილოტო თვითმფრინავების საკმაოდ შორ დისტანციაზე შეჩერება, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი თავდასხმები.
ზოგიერთი კომენტატორი ეჭვობს, რომ თავდასხმის ინსცენირება უკრაინაში ომის ესკალაციის საბაბით მოხდა და ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების ან უშიშროების სამსახურის მიერ იყო დადგმული. თუმცა, მას შემდეგ რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განხორციელება დაიწყო, მან აჩვენა, რომ ყოველგვარი საბაბის გარეშე კონფლიქტის ესკალაციისთვის მზად არის. ექსპერტებს უჩნდებათ ეჭვი, რატომ უნდა დადგას კრემლმა ისეთი პოტენციურად უხერხული ინციდენტის სცენარი, რომელსაც ბევრი მისსავე სისუსტის ნიშნად ჩათვლის?
არსებობს სხვა თეორიებიც - შესაძლოა თავდასხმის მცდელობა ძალაუფლების დერეფნებში კრემლზე გავლენისთვის მებრძოლ სხვადასხვა ჯგუფს შორის შიდა დაპირისპირების შედეგს წარმოადგენს.
0
0