03/05/2023
22:44
მსოფლიო
უკრაინელი ბიზნესმენი, უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი მწარმოებელი და "მონობანკის“ თანადამფუძნებელი ვლადიმირ იაცენკო მზად არის 500 000 დოლარი გადაუხადოს ყველას, ვინც ადგილობრივი წარმოების დრონს 9 მაისს, წითელ მოედანზე დასვამს.
ინიციატივას უკრაინაში უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ერთგვარ კონკურსზე 1147 მონაწილე დარეგისტრირდა. მთლიანობაში 1500-ზე მეტი დრონია წარდგენილი. კიევიდან მოსკოვამდე 756კმ-ია. უკრაინელ მწარმოებლებს სერიოზული, თუმცა არა შეუძლებელი გამოწვევა აქვთ.
ვლადიმირ იაცენკო ამბობს, რომ საბანკო საქმით დაინტერესებამდე ინჟინერ-რადიოფიზიკოსის განათლება მიიღო, შემდეგ კი პროგრამისტი გახდა. ავიაციით ყოველთვის განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი უბიძგა, რომ ჰობი ექცია საქმედ და ასე დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა და წარმოება.
"დავისახეთ მიზნად, შეგვექმნა ძალიან იაფი და ქმედითი საფრენი აპარატები, სპეციალურად საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენ ეს შევძელით. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ჩვენი დრონი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებს გადავეცით, 10 დღეში ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ. მის გასანადგურებლად იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ "ბუკის" სისტემა, წარმოიდგინეთ, ვაიძულეთ მტერი, პრაქტიკული, საბაზისო უპილოტო აპარატი, რომელიც 5000 დოლარზე მეტი არ ღირს, ჩამოეგდო რაკეტით, რომლის ღირებულებაც 200 000 დოლარია", - ჰყვება ბიზნესმენი ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან.
0
0