
რამდენიმე წლის წინ ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტი, ირაკლი ფიფია, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 3 წელია იძებნებოდა.
საქმე ეხება ფოთში, 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას სასტიკ მკვლელობას, რომლის ხუთი ფიგურანტი საქართველოში დააკავეს, თუმცა ირაკლი ფიფიამ ქვეყნის დატოვება მოასწრო და ამ დრომდე საზღვარგარეთ იმალებოდა.
ირაკლი ფიფიას მეუღლე ამტკიცებს, რომ ქმართან კონტაქტი დიდი ხანია არ ჰქონია და არც ის იცის, თუ სად ცხოვრობდა ბოლო თვეებში ინტერპოლის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი მამაკაცი.
ირაკლი ფიფია ვარშავაში ყალბი საბუთებით ესპანეთიდან ჩაფრინდა. ის ვარშავის აეროპორტში საქართველოს მოთხოვნით დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაში გადაიყვანეს. მას ბრალად ედება ადამიანის გატაცება, ძალადობა და განზრახ მკვლელობა.
სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება "კურიერისგან" შეიტყო მოკლულის დედამ. მაკა ტყებუჩავა ამბობს, რომ მისი შვილი ცემით ე.წ. კანონიერი ქურდის, ჯუმბერ ბაირამიდის, იგივე ბონჩოს დაკვეთით მოკლეს. მშობელი იხსენებს, რომ ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის დაკრძალვიდან გაიტაცეს, სკოლის ეზოში ხელკეტებით სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელზე დააგდეს. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაჟა ტყებუჩავას მამასაც. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფოთში ყველამ იცის, რომ სასტიკი მკვლელობა ორ კრიმინალურ კლანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი გახდა ვაჟა ტყებუჩავას მეგობრობა კრიმინალურ “ავტორიტეტ“ რუსულან გუგუნავასთან, რომელსაც ბაირამიდების დაჯგუფებასთან მრავალწლიანი დაპირისპირება ჰქონდა.
ე.წ. კანონიერი ქურდი ჯუმბერ ბაირამიდი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, სხვა არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. საქართველოში მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, მათ შორის ქურდული გარჩევების, მუქარისა და ფულის გამოძალვის მუხლით. ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსს ფლობს მისი ძმა, სტავრო ბაირამიდიც, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “როკოს“ მეტსახელით იცნობენ. ძმებ ბაირამიდებზე ქართველ სამართალდამცველებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.
0
0